რა როლის აქვს ხელოვნებას ბავშვის განვითარებაში და რა ასაკშია რეკომენდირებული მათი აქტივობებზე მიყვანა?

ადრე თუ გვიან მშობელი დგება არჩევანის წინაშე მიიყვანოს თუ არა ბავშვი ცეკვაზე, სიმღერაზე თუ სხვა აქტივობაზე. ხშირად ჩნდება კითხვები რა ასაკში აჯობებს ბავშვის შეყვანა სახელოვნებო მიმართულებაზე, რამდენ წრეზეა რეკომენდირებული სიარული და ა.შ. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად ვესაუბრეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტს ეკატერინე ბურკიაშვილს.

ეკატერინე რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებისთვის ბავშვის სხვადასხვა აქტივობაზე მიყვანა როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, ხატვა და ა.შ

ბავშვის ასაკობრივი განვითარება რამდენიმე დონეს მოიცავს, ესენია: ფიზიკური, კოგნიტური (აზროვნება), სოციალურ-ემოციური. ხელოვნება უდიდეს როლს თამაშობს განვითარების პროცესში ყველა ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ უფრო მკაფიო იყოს ხელოვნების გავლენა, საჭიროა განვიხილოთ ერთი მხრივ რას გულისხმობს ხელოვნება და მეორე მხრივ რას მოვიაზრებთ, როდესაც ვსაუბრობთ აზროვნების პროცესებზე.

ხელოვნება ადამიანის წარმოსახვის, იდეებისა და განცდების ფიზიკური გამოხატვაა შემოქმედებაში. ის სინამდვილისა და მოგონილის სინთეზია, სადაც ჩვენ ფიზიკურად ვმონაწილეობთ. როდესაც ვქმნით ან ჩაბმული ვართ სახელოვნებო აქტივობებში, ჩვენ ვავარჯიშებთ აზროვნების ისეთ უნარებს როგორიც არის ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება და ამასთან განვიცდით – ვგრძნობთ და გავცემთ ემოციებს და შევიგრძნობთ ფიზიკურ სტიმულებს.

თქვენ ვერ მონახავთ ვერცერთ საგანს, გარდა სახელოვნებო საგნებისა, სადაც განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ეს დონე ასე ერთად იყრიდეს თავს. წარმოიდგინეთ რამდენი უნარის გამოყენება სჭირდება ბავშვს, როდესაც ხატავს, ცეკვავს, მღერის ან ძერწავს. სახელოვნებო აქტივობები არამხოლოდ ეხმარება ბავშვს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში, არამედ ავითარებს აბსტრაქტულ აზროვნებას, ხელს უწყობს მოტორული უნარების დახვეწას, შეგრძნების არხების მუდმივ მუშაობას – ვიზუალური (აღქმა), აუდიალური (სმენა), სხეულებრივ-კინესთეტიკური (შეხება). პარალელურად ის სახალისოა და სასიამოვნო გზით ეხმარება ბავშვს თვითგამოხატვასა და თვითრეალიზებაში. ხელს უწყობს უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვასა და ახალი პოზიტიური ემოციებით ავსებაში ანუ ავითარებს ემოციურ ინტელექტს. სწორედ ასეთი აზროვნების მოქნილობა და ორიგინალობა, ემოციებისა და ფიქრების ერთმანეთთან სწორი მიმართება და თავისუფალი გამოხატულებებია, ის რასაც ჩვენ კრეატიულობას ვუწოდებთ.

რა ასაკიდან შეგვიძლია ვიფიქროთ ბავშვის სახელოვნებო სტუდიაში მიყვანაზე?

ბავშვის ჩაბმა სახელოვნებო აქტივობებში სკოლამდელი ასაკიდან შეიძლება. ეს კარგიც არის სასკოლო მზაობისთვის. ბაღის ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ინსტრუქციის გაგება და შესრულება, მოქმედების გამეორება, მარტივი გეომეტრიული ფიგურების მოხაზვა, ფუნჯის დაჭერა, ფერების გარჩევა და არჩევა, ძერწვა და ა.შ. მსგავსი სტუდიები სოციალიზაციაშიც ეხმარება ბავშვებს და ფსიქო-ემოციურ სიმწიფეს უწყობს ხელს.

როგორ უნდა შევურჩიოთ აქტივობა?

ამას თვითონ ბავშვი გადაწყვეტს. მშობლის მოვალეობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ადრეული ასაკიდან იზრუნოს ბავშვის ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებაზე. გააცნოს მუსიკა, ატაროს გამოფენებზე, ესაუბროს და წაახალისოს მსჯელობა სახელოვნებო პროდუქტების შესახებ.

ბავშვების უმრავლესობა სკოლამდელ და დაწყებით კლასებში ხატვით არიან გატაცებულნი, მერე კი თანდათან ინტერესის სფეროს აფართოებენ და კონკრეტულ მიმართულებას ირჩევენ. ზოგისთვის მუსიკა უფრო საინტერესო ხდება, ზოგისთვის კი ცეკვა და ა.შ.  არ არის მართებული რომელიმე ჩვენთვის სასურველი ან საყვარელი სახელოვნებო მიმართულება შევურჩიოთ ბავშვს და მხოლოდ ის მივაწოდოთ. აუცილებელია, დააკვირდეთ რისი კეთება სიამოვნებს, რა ტიპის აქტივობა უფრო მეტად მოსწონს, რაში გრძნობს თავს კომფორტულად და რა უნარები აქვს განვითარებული. როგორც ვთქვით, ხელოვნება თვითგამოხატვის ფორმაა შესაბამისად ის თვიშეფასებაზეც მოქმედებს. 

მშობლები ხშირად ტვირთავენ ბავშვს რამდენიმე წრეზე ერთდროულად სიარულით. რამდენად სწორია ეს?

ის თუ რა დროს უთმობს ბავშვი ამა თუ იმ აქტივობას დამოკიდებულია ბავშვის/მოზარდის ასაკზე. არსებობს რამდენიმე  „წითელი სიგნალი“, რომელიც მიგვახვედრებს, რომ ის გადაიღალა. უფრო სწორი იქნება ვიხმაროთ სიტყვა „გადაიწვა“ (Burn out). ბავშვი შეიძლება სასიამოვნოდ დაიქანცოს დატვირთული დღის შემდეგ. ასე იქანცებიან ბავშვები თამაშისა და გართობის მერეც, თუმცა არსებობს გადაღლის მეორე შემთხვევა, როცა ის გაღიზიანებულია, იმპულსურია, უჭირს კონცენტრაცია, ხდება გაფანტული ვერ იღებს სიამოვნებას ვერცერთი აქტივობით, წუწუნებს და გვეუბნება, რომ არ უნდა ამ საქმის კეთება. თუ მსგავსი შევატყვეთ და სხვა სტრესული ან ემოციური ფაქტორი ოჯახში არ არსებობს, ესეიგი რაღაც უნდა შევცვალოთ მის დღის რუტინაში.

ახლა როცა პანდემიაა, ბავშვები ძირითადად სახლში არიან. რას ურჩევდი მშობლებს, რა აქტივობებით დააკავონ მათი შვილები?

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საკითხი. ბავშვები ჩამოშორდნენ სპორტს, არ აქვთ სოციალიზაციის შესაძლებლობა და მუდმივად კომპიუტერებთან და გაჯეტებთან ატარებენ დროს. ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა ამ პერიოდში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ ფსიქო-ემოციურ წონასწორობას და ამასთან დავაკავოთ საჭირო აქტივობებით. შეეცადეთ გამოუყოთ პირადი სივრცე და მოუწყოთ თუნდაც სულ მცირე კუთხე იმისთვის, რომ თავი მყუდროდ იგრძნოს, დაკავდეს საყვარელი საქმიანობით და არ „გაექცეს“ რეალობას ვირტუალურ სამყაროში.

მოამარაგეთ საყვარელი სათამაშოებით, აღჭურვეთ სახელოვნებო ინსტრუმენტებით და მატერიალებით, ჩართეთ საოჯახო საქმეებში, მოაწყვეთ როლური თამაშები, სახალისო ვიქტორინები და მსჯელობები თქვენი ან ოჯახის წევრების ჩართულობით.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "რა როლის აქვს ხელოვნებას ბავშვის განვითარებაში ..." A few seconds ago

Leave a Reply