ვაჟა-ფშაველას პირველი გამოჩენა ციფრულ სამყაროში – გაგლოს ანიმაცია

გაგლო არის ანიმატორი, მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი და რა გინდა სულო და გულო – ასე ახასიათებს თავის თავს Facebook-ზე 29 წლის გიორგი გაგლოშვილი. გაგლო პროფესიით ანიმატორია. მან გადაწყვიტა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ანიმაციაში გაეცოცხლებინა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რუბრიკაში #გაიცანითხელოვანი სწორედ გაგლოს გაგაცნობთ.

სად ისწავლე ეს ყველაფერი?

ეს ყველაფერი ვისწავლე ჩემით. მართალია სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ის უნარები თუ პროგრამები, რითიც ანიმაციებს ვაკეთებ, ჩემით გამოვიმუშავე და ვისწავლე წლების მანძილზე.

რატომ გადაწყვიტე ვაჟა-ფშაველაზე ანიმაციის შექმნა?

ეს ყველაფერი დაიწყო სტუმარ-მასპინძლიდან. 2 წლის წინ მინდოდა გრაფიკული ნოველის (კომიქსის) დახატვა რაიმე თემაზე. ერთ დღეს სტუმარ-მასპინძლის სპექტაკლს დავესწარი თსუ-ს სააქტო დარბაზში და ამ დროს მომივიდა იდეა, რომ გამეკეთებინა კომიქსი სტუმარ-მასპინძელზე.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთ გვერდზე მუშაობისას მომივიდა უცებ იდეა, რომ მოკლე ანიმაცია გამეკეთებინა და სტუმარ-მასპინძლის ერთ-ერთი ეპიზოდი ანიმაციაში გამეცოცხლებინა. ხმები ავიღე ქართული მხატვრული ფილმიდან „ვედრება“ და გავაკეთე 3-4 დღეში ანიმაცია, რომელსაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი ითხოვდა მეორე ნაწილს. დაახლოებით 3 თვეში მეორე ნაწილიც გავაკეთე სადაც ეპიზოდურ როლში ავტორის და მთხრობელის სახით ვაჟა-ფშაველა გავაცოცხლე. ეს იყო ვაჟას პირველი გამოჩენა ციფრულ სამყაროში.

https://youtu.be/uOLLYTLAiPo

ამის შემდეგ ვაჟას 3 ანიმაცია გავაკეთე სხვადასხვა ლექსებზე და პარალეულურად მოვიდა ანიმაციის იდეებიც, სხვა პოეტების შემოქმედებაზე და ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ ბევრი პოეტი და მწერალი გაცოცხლდება.

როგორ არჩევ ნაწარმოებს?

სიმართლე გითხრათ ნაწარმოებს ვარჩევ მისი პოპულარობის და ხალხის სიყვარულის მიხედვით. ის თუ რა უყვარს ხალხს და რისი გაცოცხლება იქნებოდა მათთვის საინტერესო.

ამჟამად რაზე მუშაობ?

ამჟამად ვმუშაობ გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეზე“, რომელიც 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს დაიდება ჩემს გვერდზე.

რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?

ზოგადად ანიმაციის კეთება ძალიან რუტინული პროფესიაა და დიდ გამძლეობას და ნერვებს მოითხოვს. არის მომენტები, ეს ყველაფერი გბეზრდება, მაგრამ როცა საბოლოო შედეგს უყურებ, როგორ გაცოცხლდება შენი შექმნილი პერსონაჟი და თითქოს სულს შთაბერავ, ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება. ამ მომენტში აცნობიერებ, რომ ახალი სიცოცხლე შექმენი, რომელიც ცხოვრებას შენგან დამოუკიდებლად გააგრძელებს.

რა არის ხელოვნება შენთვის?

ადრე ვთქვი რომ ხელოვნება ჩემთვის თავშესაფარია მეთქი და გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ ამავდროულად ხელოვნებაა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს. მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით. გადმოსცე შენი შინაგანი მდგომარეობა და ხალხს გააგონო შენი სათქმელი, იქნება ეს შინაგანი პროტესტი თუ სხვა.

ოქროს თევზი, რომ დაიჭირო რას სთხოვდი?

საქართველოში ჩემს სანაცნობო წრეში და მის გარეთაც, არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელთა ერთობლიობაც ძალიან მაგარ შედეგს დაგვადებინებდა და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანდა ჩვენს ქვეყანას და უკეთ გავეცნობოდით სამყაროს. ამდენ ნიჭიერ ადამიანს ერთად რომ მოუყარო თავი, ამისთვის რა თქმა უნდა ფინანსებია საჭირო. გამომდინარე აქედან, ჩვენს ოქროს თევზს ვთხოვდი იმას, რაც რეალურად ყველაზე მეტად მინდა – დაფინანსება რათა საქართველოში შეიქმნას ანიმაციური სტუდია და უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა.

და ბოლოს, რას ჰკითხავდი რუბრიკის შემდეგ სტუმარს?

სად ხედავს საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ვაჟა-ფშაველას პირველი გამოჩენა ციფრულ სამყაროში..." A few seconds ago

Leave a Reply