,,დავეუფლე პროფესიას, რომელიც დღეს ჩემი სულის ნაწილია” – ქეთი გეგეჭკორი

რუბრიკის #გაიცანითხელოვანი სტუმარია ქეთი გეგეჭკორი, რომელიც 20 წელია აქსესუარების შექმნით არის დაკავებული. მისი ნამუშევრების ნახვისას აღფრთოვანებას ვერ დამალავთ. არტუბანი დაინტერესდა ქეთის შემოქმედებით.

ქეთი, რას გვეტყვი შენ შესახებ?

პროფესიით მოდელიორ-დიზაინერი ვარ. ოჯახში ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარული გვაქვს. ბავშვობის დროინდელი მოგონებებიდან მამა სულ ხელსაქმით იყო დაკავებული. ქმნიდა ჭაღებს და მის შემადგენლობაში არსებულ მასალებს დანადგარებით ქმნიდა-ამუშავებდა-ღებავდა,

მის სახელოსნო სივრცეში განმარტოება მნიშვნელოვანი იყო, რაც არასდროს ჰქონდა, რადგან სულ თავს ვეხვიეთ მე და ჩემი დები. დღეს უკვე როცა თითქმის 30 წელი გავიდა, მამა თავად მეხმარება როცა დეკორაციებს ეხება საქმე.

ინტერესი ბავშვობიდან (4-5წლის ასაკში) მქონდა ძირითადად ჭრა-კერვის, უფრო ჭრის, რადგან შეკერვას დიდი წვალების შედეგად ანტიკვარი მემკვიდრეობით გადმოცემული ხელის მანქანით ძლივს ვახერხებდი. გაღრმავდა ინტერესი წლებთან ერთად და დავეუფლე პროფესიას, რომელიც დღეს ჩემი სულის ნაწილია.  გარდა ესკიზების ხატვის და კერვის, შევისწავლე ასევე მანქანაზე ქსოვა.

კარგად მახსოვს ზუსტად 17 წლის წინ სკოლის მოსწავლემ შეგროვილი თანხით როგორ შევიძინე მეორადი რუსული საქსოვი დაზგა სევერიანკა 120 ლარად და მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო…

დიდი ხანია აქსესუარების შექმნით ხართ გატაცებული?

პირველი ოფიციალური სამსახური შემომთავაზეს მაშინ, როდესაც მე თავად გახლდით მოსწავლე. ეს სამსახური იყო ხელოვნების სკოლა-სტუდია და მეც დავთანხმდი. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო ის წლები. ვასწავლიდი ბავშვებს და ასევე ჩემზე საკმაოდ უფროს ადამიანებს ხელსაქმეს. დროსთან ერთად ჩემი ნამუშევრების არეალი გაფართოვდა. ვქმნი აქსესუარებს ქალბატონებისთვის, ვქსოვ, ვკერავ, ვქარგავ ბუნებრივი ქვებით, ბისერით სამოსზე და მუდმივად ახლის ძიებაში ვარ ჩემს მეღლესთან ერთად, რომელიც ასევე ხელოვანია. ვფიქრობ თუ ჩემი კონკრეტული ხაზი ვიპოვე, ამით ყველაფერი დამთავრდება და ამიტომ არ ვჩერდები.

სად შეისწავლეთ ეს საქმე?

პროფესიულად ყველაფერი მაინც ასე დაიწყო: ვიყავი სკოლის მე-6 კლასის წარჩინებული მოსწავლე, როდესაც ხაზვის ტურნირზე გამიწვიეს დახელოვნების ინსტიტუტში და სწორედ იქ აღმოვაჩინე ახალი სამყარო.  სკოლის პარალელურად დავიწყე სწავლა მოსწავლეთა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში. შემდეგ იყო პირველი გამოფენა „ქარვასლაში“, ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე, სადაც ხალხის დიდი ინტერესი, სითბო და სიყვარული მივიღე, რამაც უდიდესი ენერგია მომცა წინსვლისკენ.

ყველაზე მეტად რომელ აქსესუარზე გიყვართ მუშობა?

განსაკუთრებით ვერ გეტყვით,ზოგადად მსიამოვნებს ყველაფერი რასაც ჩემი ხელებით ვქმნი. თუმცა აღვნიშნავ, რომ ძალიან ძალიან მიყვარს სადედოფლო ხაზზე მუშაობა. ყველა ემოცია საკუთარიც და პატარძლისაც ასევე იდება ერთ კეთილ აქსესუარში, რომელიც იმ კონკრეტული ბედნიერი დღისთვის დაიწერა, უნიკალურია პატარძლებთან ურთიერთობა.

უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ რაიმე სიახლეს?

სიახლეები და წინსვლა გრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურ სივრცეში არც ისე დიდი ხანია გამოვჩნდი, ვცდილობ მიღებული სიყვარული ხალხს დავუბრუნო ჩემი წამახალისებელი გათამაშებებით შიგადაშიგ, რომელიც ახლახანს დავიწყე.

ასევე, რადგან სიახლეებზე ვსაუბრობთ აღვნიშნავ, რომ პანდემიის პირობებში დავიწყე სახლის და ეზოს დეკორაციებზე მუშაობაც და აღმოვაჩინე, რომ იმდენად მომწონს ეს ხაზიც მაქვს იდეა ღია ლოკაციის მოწყობის, სადაც ერთ სივრცეში გავაერთიანებ ჩემს შემოქმედებას.

უპასუხეთ რუბრიკის წინა სტუმრის ალექსი მოსიაშვილის კითხვას: ხელოვნების რომელ დარგს თვლით ყველაზე ადვილ და ყველაზე  რთულად ?!

ადვილი ზოგადად არაფერია. ვფიქრობ თუ რაღაც გიყვარს, ამას სიამოვნებით აკეთებ, ბევრ შრომას დებ და იმკი კიდევაც. გააჩნია ვინ და რა კუთხით შეხედავს. ხოლო მარტივი და რთული მხარე ყველაფერს აქვს. ჩემთვის ხელოვნების ყველა დარგი საინტერესო და პატივსაცემია.

დაუტოვეთ კითხვა შემდეგ სტუმარს

თქვენი აზრით რა კრიტერიუმი არსებობს იმის დასადგენად თუ რომელი „საგანი“ არის ხელოვნების ნიმუში და რომელი არა?!

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on ",,დავეუფლე პროფესიას, რომელიც დღეს ჩემი სულის ნ..." A few seconds ago

Leave a Reply