150 ლარიანი მეორადი საკერავი მანქანით დაწყებული ,,ფაფანაკის” ისტორია

ნინო ჭყონია ანსამბლ ,,რუსთავის” მსახიობ-მოცეკვავე, ამავე ანსამბლის კოსტიუმების დიზაინერი და კომპანია ,,ფაფანაკის” დამფუძნებელია. ჩვენ ნინოს ვესაუბრეთ მის პროფესიაზე, ბიზნესზე და სფეროში არსებულ გამოწვევებზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნინო გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა. დაუფარავად გაგვიზიარა მისი გამოცდილება და ინტერვიუც შესაბამისად ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაშიც თავად დარწმუნდებით.

ნინო გარდა იმისა რომ მოცეკვავე ხართ, როგორც ვიცი ძალიან კარგად ხატავთ. როდის გაგიტაცათ მხატვრობამ და რა მიმართულებით სწავლობდით სამხატვრო აკადემიაში?

ხატვით პატარა ასაკიდან ვხატავ, ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა და აქედან გამომდინარეც ავირჩიე სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის განხრით. მაშინ ფასიანი და უფასო სწავლება იყო, საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავირიცხე უფასოზე. ბატიკა, თექა, ხალიჩა, გობელენი…. მრავალფეროვანი და საინტერესო წლები გავატარე. სტიპენდიანტიც გახლდით და ყოველთვე 12 ლარსაც ვიღებდი :).

საქართველოში თითქმის ყველა ბავშვი დადის ქართულ ცეკვებზე, თუმცა ერთეულები აღწევენ წარმატებას. როგორ ფიქრობ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამორჩეული მოცეკვავე გახდე?

ოოო საინტერესო კითხვაა )))) ვეცდები მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი. პირველი და უმთავრესი არის თანდაყოლილი მონაცემი/ნიჭი რაც არ ისწავლება. მეორე არის პედაგოგის სწორედ შერჩევა იმისთვის, რომ ბავშვმა თავიდანვე, თანმიმდევრულად და სწორედ შეისწავლოს ყველა ეტაპი …. გამორიცხულია შუიდან დაიწყოს ვინმემ ცეკვის პროფესიონალურად შესწავლა. ამიტომ არის პირველი ეტაპები ძალიან მნიშვნელოვანი. იწყებ ტანის დაჭერით, სხეულის შესწავლით, ბალანსით და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ …. მაშინვე აჭარულს და ხევსურულს , რომ აცეკვებენ , თანაც კონცერტზე )))) ნეტა როგორ არ ერიდებათ?)))

იცით რა არის? ყველა ქორეოგრაფი ვერ იქნება, შეიძლება ძლიერი მოცეკვავე იყო და გადმოცემის უნარი არ გაგაგაჩნდეს ან პირიქით. გამორჩეული მოცეკვავე რომ, გახდე უნდა გიყვარდეს სიგიჟემდე და უნდა იშრომო დაუსრულებლად! რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი ფაქტორი (არა მარტო ამ კონკრეტულ საკითხში) სიყვარული საქმისადმი, რასაც თავისთავად მოყვება შრომისმოყვარეობა. თუ გიყვარს , შრომობ, თუ შრომობ, აღწევ!

 ჩვენს ქვეყანაში მოცეკვავის პროფესია დაფასებულია?

ჩვენს ქვეყანაში რა არის დაფასებული?! მე გისვამთ კითხვას და ველი პასუხს. სამწუხაროდ არა მარტო ქართული ცეკვა რჩება დაუფასებელი…. ცეკვა რომელიც ჩვენი ისტორიაა, ყოველი ქორეოგრაფიული დადგმა არის სხვადასხვა ამბით დახუნძლული, რომელიც გვიამბობს საქართველოზე … ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულებაზე, ბრძოლაზე, გამარჯვებაზე, მთაზე თუ ბარზე, ქორწინებაზე თუ კეკლუცობაზე… სინაზეზე თუ სიძლიერეზე. მე მიცეკვია ყველგან! სტადიონზეც სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგა გავხსენით ქართველმა მოცეკვავე გოგონებმა, მიცეკვია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე დიდ თეატრებში , მიცეკვია დახურულ ღონისძიებებზეც და სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში მიგრძვნია თავი ,,რიგით დაქირავებულ მოცეკვავედ” არსად სხვაგან! სამწუხაროა… ჩვენ უნდა დავაფასოთ, ჩვენ უნდა შევიყვაროთ და სხვა ათასჯერ უფრო დაგვაფასებს. არის რაღაცეები რაც მართლა საამაყოა და ეს ერთ-ერთია!

მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით ანსამბლ ,,რუსთავის“ კოსტიუმების მხატვარი?

დაახლოებით 12 წლის წინ ანსამბლ ,,რუსთავის” ვარსკვლავი გაიხსნა. 1 წლით ადრე რეპეტიციაზე ბატონი ფრიდონ სულაბერიძე მომიახლოვდა და ესე მშვიდი ტონით მითხრა: შენ ხო ხატავ? ხოდა მიდი ლამაზი ესკიზები დამიხატე…. ჩამომითვალა ცეკვები და მხარზე ხელი დამადო , აბა შენ იციო… მეც დავხატე, ოღონდ არ ვიცი რა, როგორ, რანაირად… ცხოვრებაში პირველად შევეხე სასცენო სამოსს, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

ერთადერთი რაც დამეხმარა იყო ჩემი გამოცდილება როგორც მოცეკვავის… უბრალოდ ვგრძნობდი რა ჭირდებოდა მსახიობს სცენაზე. ეგ იყო და ეგ… მოხდა საოცრება და ჩემი ესკიზები დამტკიცდა. აი მანდ დაიწყო დაუსრულებელი შრომა, დღე და ღამე ამაზე ფიქრი, მუშაობა. ფაქტიურად გადავცხოვრდი სამკერვალოში, არაჩვეულებრივ ქალბატონ ნათელასთან. როდესაც დადგა გრანდიოზული სოლო კონცერტის / ვარსკვლავის გახსნის დღე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მანდ მივხვდი, რომ დავიღუპე. გარდა იმისა, რომ ვარ ანსამბლის ისტორიული დღის ნაწილი როგორც მოცეკვავე, ასევე უნდა ვიხილო ჩემი ესკიზები სცენაზე უკვე გაცოცხლებული. ემოცია არის ასმაგად მძაფრი და ამაღელვებელი. არ მავიწყდება პირველი ცეკვა. ვიყურები და არ მჯერა, ნუთუ ეს ის ნახატია, მე რომ დავხატე, ამას მოჰყვა მეორე, მესამე და ასე გავედით ბოლომდე. საოცარი საღამო იყო. დასრულდა კონცერტი და მივხვდი, რომ ეს უსაზღვრო შრომა ღირდა ამად!

არ არის პატარა საქმე იყო სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კოსტიუმების მხატვარი. ამიტომ ვარ მადლიერი და არასდროს მავიწყდებიან ის ადამიანები ვინც ამის საშუალება მომცა და გზა გამიკვალა იქამდე სადამდეც დღეს მოვედი. ბ.ნ ფრიდონ სულაბერიძე, ბ.ნ ანზორ ერქომაიშვილი და ბ.ნ. ბადრი თოიძე. მადლობა მათ ამისთვის.

,,ფაფანაკის“ შექმნაში ყველაზე დიდი წვლილი ვინ შეიტანა?

ზუსტად ის ფაქტორი იყო გადამწყვეტი რაზეც უკვე ვისაუბრე, ჩემი საკმაო გამოცდილება სასცენო სამოსის შექმნაში. გამოჩნდნენ ქორეოგრაფები, რომლებსაც ვუხატავდი ესკიზებს და ასე ნელ-ნელა შემომემატა შეკვეთები. ბოლოს მე და ჩემმა მეუღლემ (გიორგი კალმახელიძე, ასევე ანსამბლ რუსთავის სოლისტი) გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი სამკერვალო სადაც უკვე ესკიზებზე მე ვიზრუნებდი და აქვე შეიკერებოდა სამოსიც.

ჩვენ ისეთ თემას ვეხებით, იმდენად მდიდარს და უკვე საოცარს, ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული იქნება, დავიბრალო სრულად მისი შექმნა მე. ქართული სამოსი როგორც ქართული ცეკვა არის ჩვენი ქვეყნის ისტორია. ეს უკვე ხელშეუხებელი განძია და ასე ძალიან ფაქიზად ვცდილობ შევინარჩუნო ის ხიბლი, ის სიღრმე და ფასეულობები რაც ქართულ ეროვნულ სამოსს მუდამ თან სდევს. ასევე აუცილებელია ფეხი აუწყო თანამედროვეობას. ვფიქრობ სხვანაირად ვერ განვითარდები და ვერც ძველი გახდება თავიდან მოთხოვნადი, მითუმეტეს მომავალი თაობისთვის.

ყველა კოსტიუმის დიზაინს თავად ქმნით?

დიზაინზე მხოლოდ მე ვმუშაობ, არა მარტო ესკიზებზე, ვკერავ კიდეც, მაქსიმალურად ჩართული ვარ ყველა პროცესში, ეს საქმე ყოველთვის მიყვარდა და მგონი გამომდიოდა კიდეც. ჩემით ვიკერავდი ყველაფერს. მართალია ესე თვალით არა პროფესიონალურად, მაგრამ დიდი მონდომებით. ასე რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ ძალიან ახლოა, ძალიან ნაცნობი და საყვარელია ჩემთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგვიმართლა და გვყავს საოცრად მაგარი გუნდი, პროფესიონალები და კარგი ადამიანები.

ყველაზე მეტად რომელ სამოსზე გიყვართ მუშაობა?

როდესაც მთხოვენ ძალინ თანამედროვე სამოსს, ქართული დეტალებით გამდიდრებულს, ეგ საინტერესოა. ანუ ასე აიღო და მიატყეპო რაიმე ორნამენტი ჩვეულებრივ კაბას ეს რომ არ მოხდეს, ამაზე მუშაობა და ფიქრია საინტერესო. ანუ დაიცვა ოქროს შუალედი, არც ძველი შეურაცხყო და არც ახალი დააძველო. არ არის მარტივი ამბავი და ზუსტად ეს მომწონს. ზოგადად ეროვნულ სამოსზე მუშაობა ბედნიერება და პასუხისმგებლობაა, გათანამედროვებულზე საინტერესო და სასცენოზე დადებითად ემოციური. მივხვდი, რომ გამიჭირდა გამოყოფა. აი როგორც დედას შვილების…

,,ფაფანაკის“ შექმნასა და ჩამოყალიბებაზე არა ერთ ინტერვიუსა თუ სიუჟეტში გისაუბრიათ. თუმცა ყველა წარმატებული ისტორიის უკან ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი. რა სირთულეებს წააწყდით ამ პროცესში და როგორ მოაგვარეთ ისინი? თქვენი რჩევა ბევრ სტარტაპერს დაეხმარება.

ფაფანაკის ისტორია დაიწყო 150 ლარიანი მეორადი საკერავი მანქანით. 1 მკერავით, რომელიც საკუთარ სახლში მოვიყვანეთ და დავსვით. არ ვიციდოთ რას ვაკეთებდით იმ დღეს, მაგრამ ვიცოდით რომ აუცილებლად გავაკეთებდით ხვალ. ხოდა ზუსტად ის ,,ხვალ” იყო რამდენიმე დღეში. 23 ჩოხის შეკვეთა მივიღეთ. მივხვდი , რომ არც ერთი მკერავი და არც 1 საკერავი მანქანა არ იყო საკმარისი. დავამატეთ მეორე. სახლიდან ჩავედით ეზოში (სადაც ჩემს მამამთილს ჰქონდა საქეიფო მარანი, ბუხარი და კაი ამბები 🙂 აი ზუსტად 1 დღეში ის ტერიტორია გადავაქციეთ სამკერვალოდ. უდიდესი გვერდში დგომა ვიგრძენი გიორგისგან და მისი მშობლებისგან. ჩვენი ხელით შევღებეთ კედლები, დავაგეთ იატაკი და ნუ შეიძლება ითქვას, რომ გავაკეთეთ კოსმეტიკური რემონტი. დავამატეთ მკერავები, დაგვემატა შეკვეთებიც.

ძალიან მალე ჩვენი საქმე გახდა სამი მიმართულების. სასცენო ხაზს დაემატა კლასიკური ეროვნული სამოსი და გათანამედროვებული ვერსია. დრო და დრო მოვიპოვეთ საკმაოდ დიდი პოპულარობა. თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, არა ერთ ქვეყანაში გავემგზავრეთ გამოფენებზე, არა ერთ საელჩოშია წარმოდგენილი ჩვენი სამოსი, უამრავ ანსამბლს ვუკერავთ სასცენო კოსტიუმებს საზღვრებს გარეთ.

ისეთ მასშტაბურ გამოფენებზე მიგვიღია მონაწილეობა, როგორიც არის fashion world tokyo 2018. ასევე გავხდი პერსონა 2018 ტიტულის მფლობელი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2019 წელს კომპანია ფაფანაკმა მიიღო ბრენდის წოდება. ამავე წელს გაიმართა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია Welcome to georgia, სადაც გადმომეცა დიპლომი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში.

რომ იტყვიან ნულიდან და დიდი შრომიდან დაწყებული საქმე, რომელიც ზუსტად ერთნაირად გამოვიარეთ მე და გიორგიმ ასეთი თავდაუზოგავი და ამავდროულად სასიამოვნო შრომის შედეგია. შედეგი რომელსაც ვერც ერთი ცალ-ცალკე ვერ მივაღწევდით. არასდროს არ ყოფილა ჩვენი საქმე მხოლოდ შემოსავლის წყარო. ფაფანაკი მეორე შვილია და ერთად ვზრდით ორივეს. სასიამოვნოა ემსახურებოდე შენს ქვეყანას/ისტორიას. იცით სირთულე ბევრია, ყოველ ჯერზე, წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთამეთის თანმდევია. ეს არ უნდა გაშინებდეს ადამიანს. მთავარია აკეთო საყვარელი საქმე და ამას თუ საყვარელ ადამინთან ერთად აკეთებ ხო საერთოდ…

როგორ გაუმკლავდით პანდემიას და თუ გაქვთ ახალი იდეები?

ვცდილობთ ოპტიმისტურად შევხედოთ ვითარებას. მე პირადად ბევრი დადებითი მხარე დავინახე და ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ნერვებზე ცუდად აისახა. პირიქით, ბოლოს ძალიან მჭირდებოდა დასვენება და არ დააყოვნა კიდეც. ძალიან კარგად მივდიოდით და რა თქმა უნდა სერიოზულად დავამუხრუჭეთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. გაჩერებას არ ვაპირებთ, უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ კოლექციაზე და მალე შევთავაზებთ ჩვენს საყვარელ და თბილ მომხმარებლებს. მთავარია სიმშვიდე ქვეყანაში, სტაბილურობა და ღვთის წყალობა, რის გარეშეც წარმოუდგენელია ეს ყოველივე . ვიყოთ მადლოერი რაც გვაქვს და მეტი მოგვეცემა.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "150 ლარიანი მეორადი საკერავი მანქანით დაწყებული..." A few seconds ago

Leave a Reply