მაიგალერი – ახალი ონლაინ პლატფორმა ხელოვნების ნამუშევრების შესაძენად

სულ ახლახანს ხელოვნების სფეროში ახალი სტარტაპი გამოჩნდა. მაიგალერი – ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ონლაინ დაათვალიეროთ, აარჩიოთ და შეიძინოთ საქართველოში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრები. არტუბანი ესაუბრა მაიგალერის დამფუძნებელს მარი დათიშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

მარი საიდან გაჩნდა მაიგალერის შექმნის იდეა?

რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ქართველი ხელოვანების ნამუშევრების შეგროვება. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში ამდენი ნიჭიერი მხატვარი და საინტერესო გალერეაა. თუმცა, არ არის გამჭვირვალობა და მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი ბარიერია.

პანდემიის პერიოდში ვეძებდით კონკრეტული ავტორის ნამუშევარს. მივწერე ყველა გალერეას, ხომ არ ჰქონდათ ამ ავტორის ნამუშევრები.  სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებით გაუგებარი იყო, რომელი ნამუშევრები იყო გაყიდული და რომელი არა. უმეტეს შემთხვევაში ბუნდოვანი იყო ფასი და ფასდაკლების დიაპაზონი. შევაგროვე ნამუშევრებზე ინფორმაცია, შესრულების წელი, ზომა, მასალა, ტექნიკა. ასევე დამჭირდა ჩემი ხელოვნებათმცოდნე მეგობრის დახმარება და გარკვევა, იყო თუ არა ნამუშევარი ორიგინალი და ეს პროცესი 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ბარიერი იყო და ამ სფეროს ტექნოლოგიებთან დამეგობრება სჭირდებოდა.

ნამუშევრები იყიდება სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებისა და გვერდების საშუალებით. ელექტრონული კომერცია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს ეს ინფორმაცია მოწესრიგებულად და ისე, რომ მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილება იყოს ხელოვნების ნამუშევრების გაცნობა და შეძენა.

აქედან გაჩნდა მაიგალერის იდეა, რომელზეც რამდენიმე თვე ვიმუშავეთ და პირველი შესაძლებლობისთანავე, გავაცანით მომხმარებელს ონლაინ პლატფორმა ხელოვნების ნამუშევრების შესაძენად.

ჩვენ ვმეგობრობთ ტექნოლოგიებთან, ვებგვერდზე mygallery.ge ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნამუშევრის დათვალიერება, შერჩევა და შეძენა. აქტიურია Facebook shop-ი სადაც ნებისმიერი დამატებითი კომუნიკაციის გარეშე, შეუძლია მომხმარებელს ნამუშევრის ფასისა და სხვა დეტალების ნახვა.

რა სახის  ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი?

ვებგვერდზე mygallery.ge მომხმარებელი ონლაინ არჩევს მხატვრების ნამუშევრებს, სადაც გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია ნამუშევარზე ნებისმიერი ინფორმაცია, ფასი, მასალა, ტექნიკა, ზომა, შესრულების წელი. მომხმარებელი ასევე ეცნობა მხატვარზე ინფორმაციას, ონლაინ ამატებს ნამუშევარს კალათში და იხდის საბანკო ბარათით.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და პლატფორმაზე საინტერესო მრავალფეროვნება გაჩნდეს. უკვე გაჩნდა ინტერესი ხელოვანების მხრიდან და ეს ძალიან გვახარებს.

ვის შეუძლია თქვენს საიტზე განათავსოს თავის შემოქმედება?

ჩვენი პლატფორმა განსხვავებულია იმით, რომ იგი არ ზღუდავს კონკრეტულ ავტორებს. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერ ხელოვანს, მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავი გააცნოს უფრო დიდ აუდიტორიას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც პროფესიონალ მხატვრებთან, ასევე მოყვარულებთან და მათთან, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს.

პლატფორმაზე ნებისმიერ ხელოვანს, გალერეას ან კერძო კოლექციონერს შეუძლია ნამუშევრების განთავსება. ამისთვის მათ უნდა შეავსონ ვებგვერდზე განთავსებული ფორმა ან მოგვწერონ მეილზე info@mygallery.ge .

გაქვთ თუ არა მიტანის სერვისი?

შეძენის შემდეგ ნამუშევარი შესაბამისი სერტიფიკატით მიგვაქვს სასურველ მისამართზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისში მიწოდებაა შესაძლებელი, რეგიონები კი ეტაპობრივად დაემატება.

გამომდინარე იქიდან, რომ გვესმის ონლაინ ყიდვის დროს არსებული გამოწვევები, საჭიროდ ჩავთვალეთ მარტივი დაბრუნების პროცედურის შემუშავება. ეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეიძინოს ნამუშევარი და თუ საჭიროდ ჩათვლის, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააბრუნოს განსაზღვრულ ვადაში.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "მაიგალერი – ახალი ონლაინ პლატფორმა ხელოვნ..." A few seconds ago

Leave a Reply