,,კარგად სიმღერაში 10 პროცენტია ნიჭი, დანარჩენი კი, თავდაუზოგავი შრომა და თავგანწირვაა,” – გოჩა აბულაძე

გოჩა აბულაძე წარმატებული ქართველი ბარიტონია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებში გამოდის. დაიბადა ქალაქ ქუთაისში. შემდეგ იყო გრძელი გზა იტალიამდე, სადაც ის სწავლობდა და მსოფლიოს არაერთ სცენაზეც გამოვიდა.

მან უამრავ წარმატებას მიაღწია: გაიმარჯვა იტალიის ქალაქ ფერარაში გამართულ საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში, ვერონის ფილარმონიის თეატრში იმღერა ტონიოს პარტია ვერდის „ჯამბაზებში“ და დიდი მოწონება დაიმსახურა, დასახელდა მაგდებურგის თეატრის სეზონის საუკეთესო მომღერლად და სხვა. სულ ახლახანს გამოვიდა გოჩას ალბუმი სახელწოდებით ,,აბული”.

არტუბანი ესაუბრა გოჩას და საინტერესო ბლიც ინტერვიუ მოგიმზადათ.

ყველაფერი დაიწყო ….

დედისგან გაღვივებული სიმღერის სიყვარულიდან…

გზა ქუთაისიდან მილანამდე რთული იყო?

უკან როცა იხედები გგონია რომ ყველაფერი მარტივად გამოვიდა, თუმცა დეტალებს თუ გაიხსენებ, ხვდები რომ ეს მხოლოდ დიდმა სიყვარულმა და ოცნებების ახდენის დაუოკებელმა სურვილმა შეგაძლებინა …

ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი გავლენა მოახდინა ….

ერთი ადამიანის დასახელება გამიჭირდება, თუმცა პირველ რიგში თამამად შემიძლია გითხრათ რომ ჩემი დიდი მაესტრო, ნოდარ ანდღულაძე იყო. ასევე ვაჟიკო ჩაჩავა, მონსერატ კაბალიე, ფრანკო ძეფირელი და სხვა.

ჩემს ძმას უჩას, ცხოვრებაში ….

ჩემს ძმას უჩას ცხოვრებაში უამრავი დაუვიწყარი მომენტი ჰქონია, რითაც ყოველთვის ამაყი ვიქნები. მაგალითად, მის სიმღერაზე აცრემლებული მონსერატ კაბალიე ქალაქ სარაგოსაში . ვუსურვებდი, რომ ყოველთვის ახსოვდეს ეს და მიაღწიოს იმას, რასაც მას ლეგენდარული მომღერალი უწინასწარმეტყველებდა …

ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ….

ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია, არენა დი ვერონაზე სეზონის დახურვის სიმღერა ძეფირელის ლეგენდარული პირამიდებიანი აიდით, სადაც ამონასროს მთავარ როლს ვასრულებდი უდიდეს მომღერლებთან ერთად.

ბევრი მღერის, თუმცა ერთეულები ხდებიან წარმატებულები. როგორ ფიქრობ რატომ?

ბევრი მღერის? მე ვფიქრობ, რომ ბევრს ჰგონია რომ მღერის და ვინც მართლა მღერის ისინი აღწევენ უსათუოდ წარმატებას. კარგად სიმღერაში 10 პროცენტია ნიჭი, დანარჩენი კი, თავდაუზოგავი შრომა და თავგანწირვაა. როცა შრომობ და ირჩევ რთულ გზას, გულით მჯერა რომ წარმატებას უსათუოდ მიაღწევ.

მუსიკის გარდა საქმე, რომელიც მიყვარს …

ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისებური სილამაზის აღქმა აქვს და თუ ეს სილამაზე შენი დანახულია და ვიღაცის დანახული არ მოიპარე, უკვე დიდი სიამოვნებაა.

იყო კარგი ადამიანი ნიშნავს …

იყო კარგი ადამიანი საქართველოში ნიშნავს გულმა გაუძლოს ბევრ ტკივილს, უსამართლობას, მაგრამ ამის საფასურად იღებ სულიერ სიმშვიდეს და შინაგან ბედნიერებას.

ყველაზე ხშირად ….

ყველაზე ხშირად ვმღერი და ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე. თუ რა ბედნიერად შეგვიძლია ვიცხოვროთ ყველამ ერთად თუ ერთმანეთი გვეყვარება სიგიჟემდე.

მოწყენილი ვარ მაშინ …

მოწყენილი ვარ მაშინ, როცა სცენა მენატრება, რაც ამ პანდემიის ჟამს ქრონიკულ მოწყენილობაში გადამეზარდა. ყველა არტისტს ვუსურვებ სცენას და იქ მიღებულ დიდ სიამოვნებას…

მაბედნიერებს …

მაბედნიერებს ერთგული მეგობრები და უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და უარი უთხრეს სიყალბეს.

როცა მაკრიტიკებენ …

როცა მაკრიტიკებენ და ეს კრიტიკა სამართლიანია,ზუსტად მაშინ ვიზრდები როგორც ადამიანი და ასევე მომღერალი. შეუცდომელი არავინ არის და მცდელობა იმის, რომ გავხდე უკეთესი არასოდეს დამიკლია.

მუსიკა, რომ ადამიანი იყოს როგორი იქნებოდა?

ბომბორა, ფერადი, სევდიანი, მხიარულიც. მთებში იცხოვრებდა და მხოლოდ ისინი ნახავდნენ იშვიათად, ვისაც ძალიან უყვარს ის ბომბორა ბუთქუნა ადამიანი.

ის, რაც ჩემში არ მომწონს და შევცვლიდი …

შესაცვლელი ბევრია. ეს მუდმივი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი მგონია ადამიანში. არ მომწონს ის, რომ ბევრ დროს ვკარგავ. დრო ძალიან სწრაფად გადის და მოსასწრები კიდევ ბევრია. არ ვიცი დრო სადამდე მაქვს ამიტომაც უფრო მეტად უნდა დავაფასო ყოველი წამი.

დაასრულე ფრაზა, არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც …

სიყვარული და კარგი სიმღერა…

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on ",,კარგად სიმღერაში 10 პროცენტია ნიჭი, დანარჩენი..." A few seconds ago

Leave a Reply