,,ეს დიდი ხნის ოცნება Covid 19-ის პანდემიის ,,დამსახურებით” ავისრულე” – თამარ დვალი

ვაგრძელებთ რუბრიკას #გაიცანითხელოვანი და ამჯერად ,,სუხიშვილების” მოცეკვავე თამარ დვალს ვმასპინძლობთ. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ თამარი შესანიშნავი მოცეკვავეა. გარდა ამისა, ის საოცარ მინიატურებს ქმნის. არც ისე დიდი ხანია, რაც ბავშვობის ოცნება აისრულა და მინიატურების შექმნა დაიწყო. ამბობს, რომ ბავშვობაში კარგად ძერწავდა და ხატავდა, თუმცა თიხასთან არასდროს უმუშავია. არტუბანი თამარს ესაუბრა და საინტერესო ინტერვიუ მოგიმზადათ.

თამარ მოგვიყევი როგორ მოხვდი სუხიშვილებში?

3 წლიდან დავდიოდი ბალეტზე, დავამთავრე ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას მქონდა ცეკვის ნოსტალგია, რადგან ბავშვობიდან მუდმივად ვცეკვავდი. მაშინ გადავწყვიტე ქართულ ნაციონალურ ბალეტ “სუხიშვილებში” მისვლა.

ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ქართული ცეკვა და ეს ანსამბლი. ნინო სუხიშვილთან გასაუბრების შემდეგ, ჩამრიცხეს “სუხიშვილების” სტუდიის მე-4 კურსზე და მალევე ილიკოსა და ნინოს ერთობლივი გადაწყვეტილებით გადამიყვანეს ანსამბლში და დაიწყო საინტერესო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.

შენი აზრით რამ განაპირობა ის, რომ სუხიშვილების ანსამბლი ასეთი წარმატებულია?

ჩემი აზრით, “სუხიშვილების” წარმატება განპირობებულია იმით, რომ ემსახურებიან უაღრესად პატრიოტულ საქმეს, როგორც გრიგოლ რობაქიძემ უწოდა ” როკვის ჯადოქრები” არიან. მათი დადგმული ცეკვები არის ” ზეიმი ჯიშის, ზეიმი რასის”. მსოფლიოში საქართველოს დესპანებს წარმოადგენენ და არიან ნოვატორები, თან ისე რომ ტრადიციულობას არ კარგავენ. მათი გენიალობა იმაშია, რომ არ ივიწყებენ წარსულს, მუდმივად პოპულარულები არიან და ყოველთვის ცდილობენ, მომავალში ახალი სიტყვა თქვან.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიონალი მოცეკვავე გახდე?

იმისათვის რომ გახდე პროფესიონალი მოცეკვავე, პირველ რიგში საჭიროა პროფესიის სიყვარული, განსაკუთრებული ნიჭი, თავდაუზოგავი შრომა და რა თქმა უნდა გამართლებაც.

როგორც ვიცი ორსულობის პერიოდში დაიწყე მინიატურებზე მუშაობა, რატომ აირჩიე ეს მიმართულება?

მინიატურების ზღაპრული სამყარო ბავშვობიდან მიტაცებდა, მსურდა შემექმნა ჩემი ფანტაზიით სხვადასხვა ნივთი, მაგრამ რადგან მათი შექმნა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე დრო საერთოდ არ მრჩებოდა, ამას მხოლოდ წარმოსახვაში თუ ვახორციელებდი. ეს დიდი ხნის ოცნება Covid 19-ის პანდემიის ,,დამსახურებით” ავისრულე. სახლში ყოფნისას მოვიცალე და შევქმენი რამდენიმე ოთახის ინტერიერი და კიდევ მრავალი სხვადასხვა მინიატურული ნივთი. თითოეული ცალკეული სამყარო და ისტორიაა, ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

რა მასალაზე მუშაობ?

მასალას რაც შეეხება, ვინახავ ისეთ ნივთებს, რომლებიც ადრე გამოუსადეგარი მეგონა: მუყაოს ყუთები, პლასტმასის ნატეხები, ქილის გამჭვირვალე თავსახურები, ათასნაირი მავთული, ხის დეტალები, ხავსი, დეკორატიული ცემენტი, პოლიმერული თიხა და სხვა.

რას გააკეთებ წინასწარ იცი თუ მუზა გჭირდება?

შთაგონების წყარო ბევრი მაქვს, ბავშვობის დროინდელი ზღაპრული სამყარო, ოცნებები, განსაკუთრებით კი ჩემი და ჩემი მეუღლის მოგზაურობები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩემს მეხსიერებაში და მიჩნდება სურვილი რომ ყოველი მოგზაურობის დასაფიქსირებლად და ტკბილად გასახსენებლად შევქმნა რაიმე დეტალი ან მინიატურა მაგ: მალდივებზე მოგზაურობისას მოვიარე მთელი სანაპირო და წამოვიღე მარჯნები, თეთრი ქვიშა, ქოქოსის ნარჩენები, პატარ-პატარა მცენარეები და მსურს, რომ შევქმნა სწორედ იმ სასტუმრო-ბუნგალოს მინიატურა, სადაც ვცხოვრობდით.

ასევე ულამაზესი შთაბეჭდილება დამრჩა ლაპლანდიიდან, ჩრდილოეთის ციალის ნახვის შემდეგ, რომლის ხილვაც ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული ოცნება იყო, ამ საოცარი და უმშვენიერესი მოვლენით მაქვს ისეთი ძლიერი ემოციები, რომლებიც მაძლევს შთაგონებას, რომ შევქმნა ამ მოგზაურობასთან დაკავშირებული საყვარელი, პაწაწუნა ნივთები.

შთაგონების წყაროა ასევე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული კლასიკური და რეტროს სტილის მიმართ, პორტუგალიური ფილებით მოხიბვლა და დიდი გატაცება, მათი მსგავსი ფილების შექმნა ქართული ორნამენტებით … და კიდევ უამრავი რამ შეიძლება ჩაითვალოს შთაგონების წყაროდ, მთავარია სულს და გულს ჰქონდეს ბუნების, ადამიანების, ხელოვნების სიყვარული და მათი შეცნობის და მეგობრობის სურვილი.

რას აპირებ მას შემდეგ რაც ცეკვას თავს დაანებებ?

ხელოვნებათმცოდნე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ვარ და თან ჩემი სადისერტაციო ნაშრომი შუა საუკუნეების ქართულ სამოსს ეხება, კერძოდ “ქართული საეკლესიო ფერწერა, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისთვის”. ამასთანავე, მაქვს დიდი ბედნიერება, მქონოდა პირადი შეხება საბალეტო ზღაპრულ სამყაროსთან და ბალერინის ულამაზეს კოსტიუმებთან, სოლიკო ვირსალაძის გენიალურ მხატვრობასთან, მის ესკიზებთან და მეტიც, მრავალ ცეკვას ვასრულებ უშუალოდ მისი საოცარი ნიჭით შექმნილი ჯადოსნური კოსტიუმებით. ბავშვობიდან ვცხოვრობ ამ საოცარ სამყაროში და ყველანაირად შეზრდილი ვარ მასში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში მოღვაწეობას აუცილებლად გავაგრძელებ სამეცნიერო კუთხით. ასევე, მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი –Soma Fitness Formula, რომელიც არის ქალთა ესთეტიკური ცენტრი და ვზრუნავთ ქალბატონების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.

უპასუხე ჩვენი რუბრიკის წინა სტუმრის ქეთი გეგეჭორის შეკითხვას: თქვენი აზრით რა კრიტერიუმი არსებობს იმის დასადგენად თუ რომელი „საგანი“ არის ხელოვნების ნიმუში და რომელი არა?!

დიდი მადლობა თქვენს წინა სტუმარს ამ კითხვისთვის, რომელზეც პასუხი ასეთი მაქვს: ჩემი აზრით, ხელოვნების ნიმუში არის ესთეტიკური ღირებულების მქონე ნებისმიერი მატერიალური პროდუქტი.

დაუტოვე შეკითხვა რუბრიკის მომდევნო სტუმარს

  1. რომელია თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუში?
  2. რომელი მელოდია გაცდუნებთ და აგაცეკვებთ?
  3. რომელ ცეკვას შეასრულებთ სრული თავდავიწყებით?
გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on ",,ეს დიდი ხნის ოცნება Covid 19-ის პანდემიის ,,დ..." A few seconds ago

Leave a Reply