ცნობილი მხატვრების ნახატების ზუსტი ასლების შემქმნელი თვითნასწავლი მხატვარი სამეგრელოდან

რევაზ ქარჩავა თვითნასწავლი მხატვარია ზუგდიდიდან. ძირითადად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს ხატავს. ორიგინალისგან გარჩევა ნამდვილად გაგიჭირდებათ ისეთი სიზუსტით ასრულებს ნამუშევრებს. 9 წლის ასაკიდან მარცხენა ხელის ტრავმა აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ხატვაში.

მოგვიყევით როგორ აღმოაჩინეთ თქვენში ხატვის ნიჭი?

ჯერ კიდევ 18 წლის ვიყავი როცა სკოლა დავტოვე მეცხრე კლასში უნდა გადავსულვიყავი, მაგრამ არ წავედი სკოლაში. ასე დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება. ერთ დღეს შემთხვევით ჩემ ნივთებთან პატარა ზეთის საღებავების ნაკრები შევნიშნე ადრე პატარობისას მიყიდეს, მაგრამ არ ვიცოდი მისი მოხმარება და ასე დარჩა გამოუყენებელი. საღებავების ყუთი გავხსენი და დავათვალიერე ფერები. ჩემში ამ საღებავის ფერებმა რაღაც გამოიწვია. შემდეგ რამდენიმე დღის მერე მუყაოს ნაჭერი მოვნახე და დავჭერი დაახლოებით 80 / 60 სმ-ის ზომაზე. სახლში ჭერის გამათეთრებელი საღებავი გვქონდა შემორჩენილი, ავიღე და შევღებე ეს მუყაო, მერე ერთი მისალოცი ვიპოვე სადაც ჰოლანდიელი მხატვრის ნატურმორტი იყო დაბეჭდილი, ამ ნატურმორტიდან დავიწყე ხატვა. თავიდან ერთ ცალ ყურძენს ვხატავდი მთელი 3 კვირა. მოკლედ ამ ნახატს დრო და დრო ვაკეთებდი, თითქმის 3 თვეზე მეტ ხანს ვხატავდი. ვხატავდი ღამის საათებში ისე რომ არავის ვუჩვენებდი. ასე შევასრულე პირველი ნახატი.

ძირითადად რას ხატავთ?

გამომდინარე იქიდან პირველი ნახატის ასლი რომ გავაკეთე  და კარგი გამოვიდა, ასე გავაგრძელე სულ სხვადასხვა ცნობილი მხატვრების ასლებს ვაკეთებდი. სადღაც 90-ათიან წლებში თანამედროვე მხატვრების ასლებიც გავაკეთე. ახლა ნებისმიერი შესრულებული ნახატის ასლს ვაკეთებ მთავარია მე მომწონდეს.

როცა ფუნჯს იღებთ ხელში ზუსტად იცით რას დახატავთ?

თავიდან კი ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ ასლებს ვიმეორებდი. ახლა კი ზოგჯერ იმპროვიზაციას მივმართავ. ამ დროს თავისებური მიდგომა უნდა, განწყობა და შინაგანი გრძნობა ასე იბადება ახალი ნამუშევარი, როგორ ხდება ეს, ამის ახსნა შეუძლებელია. ის თავისთავად ხდება, თითქოს ასე უნდა იყოს.

თქვენი ნამუშევრების შეძენა თუ შეიძლება?

დიახ შეიძლება ჩემი ნამუშევრების შეძენა, მთელი ცხოვრება რამდენიმე ათასი ნახატი გავყიდე. ახლაც დაკვეთებს ვაკეთებ. 

საყვარელი მხატვარი გყავთ?

იმდენი მხატვრების ნახატები გავაკეთე, მე ყველა მომწონს ,ყველა მხატვარს თავისებური შესრულება გააჩნია. ამით არიან ისინი საინტერესო.

რა არის ის, რაც ხატვაში ყველაზე მეტად მოგწონთ?

ფერები, საოცრად მოქმედებს ჩემზე. მიყვარს თეთრი ტილო, ის ისეთი ლამაზია და სათუთი არ შეიძლება რომ აიღო და გააფუჭო. ამიტომ ძალიან დაფიქრებულად და გააზრებულად უნდა მიუდგე რომ ის ღირსეული თეთრი ფერი ღირსეულად შეიღებოს ლამაზი ფერებით.

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ცნობილი მხატვრების ნახატების ზუსტი ასლების შემქ..." A few seconds ago

Leave a Reply