ჩემი მთავარი ინსპირატორი არის ჩემი სამსახური, ბავშვები და მათი არაჩვეულებრივად ზღაპრული სამყარო – სალომე საჩიშვილი

სალომე საჩიშვილი 7 წელია რაც საბავშვო ბაღში აღმზრდელ ფსიქოლოგად მუშაობს. პროფესიითაც ფსიქოლოგია. წელიწადზე მეტია რაც თექაზე ნახატების შექმნა დაიწყო. გადაწყვიტა ჰობი ბიზნესად ექცია და ასე დაიბადა Handmade by Salome ალბათ მიხვდით, რომ რუბრიკის #გაიცანითხელოვანი სტუმარი სწორედ სალომეა.

ბაღში მუშაობ და მუდმივი კომუნიკაცია გაქვს ბავშვებთან. რა პრობლემებს აწყდები ყველაზე მეტად?

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ეკრანდამოკიდებული ბავშვები არიან. დღის განმავლობაში ძალიან დიდ დროს ატარებენ ისინი ეკრანთან და ეს იწვევს მთელ რიგ პრობლემებს ბავშვის განვითარების პროცესში, იქნება ეს ქცევის დარღვევა, მეტყველების შეფერხება თუ სხვა …

ხელოვნებასთან შეხება როდის გქონდა პირველად. დიდი ხანია რაც თექაზე დაიწყე მუშაობა?

ზოგადად, ხელოვნება, ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ მატყლთან შეხება არ მქონია არასდროს. დაახლოებით 7-8 წლის წინ მოვსინჯე პირველად, ვთექავდი სველი წესით, მაგრამ რაც შეეხება ნახატების შექმნას, ინსპირაცია იყო ჩემი სამსახური, სადაც მიწევს ყოფნა ბავშვებთან ერთად და ვცდილობთ, ჩვენს პედაგოგიკაზე დაყრდნობით, შევუქმნათ მათ ზღაპრული და ჯადოსნური გარემო, სწორედ ისეთი, როგორი სამყაროც არის ჩემს ნამუშევრებში ასახული. საბავშვო ბაღში ხშირად გვიწევს მათთან ერთად სხვადასხვა თოჯინების, ფერიების, ქონდრის კაცების შექმნა, ხატვა და ა.შ. ეს იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა.

რამ განაპირობა ამ საქმის წამოწყება?

თექის ნახატების შექმნა დავიწყე წელიწადზე მეტია. ძირითადად ვჩუქნიდი ჩემს მეგობრებს ან მათ შვილებს და იმსახურებდა ყოველთვის ძალიან დიდ მოწონებას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროის განმავლობაში დამიგროვდა ძალიან ბევრი ნამუშევარი, ვიფიქრე ეს საქმე ხომ არ მექცია ბიზნესად და არ შემოვფარგლულიყავი მხოლოდ ვიწრო წრით, მეგობრებით და  სხვისთვისაც გამეზიარებინა ის სამყარო, რომელი ინსპირაციითაც ვქმნი ჩემს ნამუშევრებს.

სად შეისწავლე თექაზე მუშაობის ტექნიკები?

პროფესიულ დონეზე არასდროს შემისწავლია თექაზე მუშაობა, მაგრამ მოყვარულის დონეზე შეხება მქონდა ერთ-ერთ სემინარზე, სადაც გავდიოდი კურსს სოც. თერაპიის მიმართულებით, თუმცა კურსი მოიცავდა ასევე სხვადასხვა ხელსაქმესაც და პირველი შეხება სწორედ აქ მქონდა თექასთან. ხოლო, საბავშვო ბაღში მუშაობის შემდეგ უკვე ინტენსიურად დავიწყე მუშაობა, ვინაიდან ბავშვებთან ერთად ინტენსიურად გვიწევდა სხვადასხვა  ხელსაქმის შესრულება.

შენს ნამუშევრებში ძირითადად ფიგურირებს ცა, მთვარე, ვასკვლავები. საიდან იღებ ინსპირაციას?

როგორც უკვე გითხარით, ჩემი მთავარი ინსპირატორი არის ჩემი სამსახური, ბავშვები და მათი არაჩვეულებრივად ზღაპრული სამყარო…

უბრიკის #გაიცანიხელოვანის ყველა სტუმარი უტოვებს შემდეგ სტუმარს კითხვას. უპასუხე თამარ დვალის შეკითხვებს:

რომელია თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუში?

არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რენესანსის პერიოდის  მხატვრებსა და მოქანდაკეებს. გამოვარჩევ რაფაელის “ფერისცვალება” და “სიქსტის მადონა” და მიქელანაჯელოს “პიეტა”.

რომელი მელოდია გაცდუნებთ და აგაცეკვებთ?

ზოგადად არ გამოვირჩევი ცეკვის დიდი სიყვარულით, მაგრამ რაკი აუცილებლად უნდა მაცდუნოს და ამაცეკვოს, მაშინ ეს არ იქნება ის მელოდია, რომელსაც მე ზოგადად ვუსმენ. ეს იქნება, ალბათ,  რომელიმე ლათინო-ამერიკული ცეკვებისთვის შესაფერისი მუსიკა, მაგალითად  “ჩაჩაჩა” ან “ჯაივი”.

რომელ ცეკვას შეასრულებთ სრული თავდავიწყებით?

ამ შემთხვევაში, რაკი თავდავიწყებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს იყოს “რუმბა”.

და ბოლოს, დაუტოვე კითხვა შემდეგ სტუმარს.

რა შეიძლება იყოს ის მთავარი ფასეულობა, რისთვისაც იბადება ადამიანი დედამიწაზე?

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on "ჩემი მთავარი ინსპირატორი არის ჩემი სამსახური, ბ..." A few seconds ago

Leave a Reply