,,ნიჭის შემოქმედი თავად ღმერთია, რომელმაც შენ უბრალოდ დაგასაჩუქრა და „გითხრა“ – გაამრავლეო!” – ალექსი მოსიაშვილი

პროფესიით თეოლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია. განათლება ხატვის მიმართულებით არ მიუღია, თუმცა წლების მანძილზე ხატწერას ეუფლებოდა. ამბობს, რომ 4-5 წლის ასაკიდან ხატავს. მისი ნამუშევრებით ნამდვილად გაოცდებით. ხატავს ყველაფერზე რაც ხელში მოხვდება.

რუბრიკის #გაიცანითხელოვანის სტუმარია ალექსი მოსიაშვილი.

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?

რამდენიმე წლის მანძილზე მიმუშავია სამრევლო სკოლაში ხატწერის თეორიისა და სპეციალობის მასწავლებლად, ხატვა, ძერწვა და სხვა მსგავსი ხელოვნების დარგები ბავშვობიდან მიზიდავდა და მიუხედავად იმისა რომ პროფესიით ამ მიმართულებით არ მისწავლია, ეს სფერო ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიმაჩნია.

ვხატავ ყველაფერზე პირდაპირი და ირიბი გაგებით,   მომიხატავს ქუჩის კედლები.  ვხატავ რიყის ქვებზე ეზოს დეკორის გასალამაზებლად, ასევე უკვე გადასაყრელად გამზადებულ ხის ავეჯზე, მწვანილის საჭრელ ხის დაფებზე (სხვათაშორის ერთ-ერთ კაფეში ასეთი ნამუშევრებითაა მორთული ინტერიერი) ასევე აღმოვაჩინე რომ შეიძლება გამხმარ ფოთლებზე დახატვაც. რამაც ძალიან მიმიზიდა, და აქტიურად ვმუშაობ ამ მიმართულებითაც.

ასევე მომწონს სხვადასხვა ორიგინალური ნივთებისა და დეკორაციების შექმნა. მომიხატავს ჩანთები, წიგნის ყდები, ასევე დავასურათე ერთ-ერთი საბავშვო ზღაპრების კრებული. ვძერწავ თიხის მასალისგანაც. ვქსოვ სკვნილებს, ასევე ვამზადებ ხელნაკეთ სამაჯურებს…. მიმუშავია  დაწერილ ხატებზე და ბოლოს, რა თქმა უნდა ვხატავ ტილოებზე.

ვცდილობ მქონდეს ჩემი სტილი და თითოეული ნამუშევარი იყოს დამთვალიერებლისა თუ მყიდველისთვის უცხო, საინტერესო და მიმზიდველი.   ერთი სიტყვით საკმაოდ ფართო დიაპაზონია, თუმცა ეს ჩემი სტილია, ვასწავლი ბავშვებს ხელსაქმეებს, ხატვას, ძერწვას რადგან მგონია, ის იდეა, რომ ხელოვნება აკეთილშობილებს სრული სიმართლეა და მინდა ყველა დაინტერესებულმა აღმოაჩინოს რომ მასშიც არის ნიჭი, რომელსაც მხოლოდ მონდომება და აღმოჩენა სჭირდება.

როგორც აღნიშნეთ ყველაფერზე ხატავთ, თუმცა გაქვთ თქვენთვის გამორჩეული მასალა, რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტად გიყვართ?

მგონია, რომ ის, რასაც აკეთებ თუ არ გიყვარს, ძალიანაც რომ მოინდომო ვერ გააკეთებ ან არ გამოგივა. ამიტომ ვაკეთებ და ვხატავ იმას (და იმ მასალაზე) რაც მომწონს და მიყვარს. სხვანაირად არ გამოვა, უბრალოდ ყველა სხვადასხვა მასალას, რაზეც უნდა შესრულდეს  ნამუშევარი, შესაბამისი საღებავიც ესაჭიროება, ამიტომ ვიყენებ აკვარელიდან დაწყებული  გუაშს, აკრილს, ზეთს, და კვერცხის ემულსიის ბაზაზე მიღებულ ბუნებრივ პიგმენტებს, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ფავორიტი მაინც აკრილია.

შესაძლებელია თქვენი ნამუშევრების შეძენა?

ძირითადად ონლაინ საშუალებით ვყიდი. მაქვს საკუთარი ხელოვნების გვერდიც და ასევე სხვა ჯგუფებიც მეხმარება ამაში. თუმცა არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელსაც ვერ შეველიე და ჩემს სახლშივე დაიდო ბინა.

როგორ ფიქრობთ ნიჭი რა არის?

ნიჭი – ღვთისგან მოცემული ტალანტია, რომელსაც აუცილებლად გამრავლება სჭირდება, ისევე როგორც სხვა სიკეთეებს, თუმცა ვფიქრობ რომ ნიჭიერიაო – ადამიანზე რომ იტყვიან, ეს ფრაზა საკუთარ თავზე არ უნდა მიიღოს, რადგან ამ ნიჭის შემოქმედი თავად ღმერთია, რომელმაც შენ უბრალოდ დაგასაჩუქრა და  „გითხრა“ – გაამრავლეო !

რუბრიკის #გაიცანიხელოვანის წინა სტუმრის  George Van de Kamp-ის შეკითხვა:როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება შენი პროფესიის გარეშე?

ჩემი ცხოვრება პროფესიის გარეშე ვფიქრობ უინტერესო იქნებოდა, თუმცა თეოლოგიას პროფესიას ვერ დავარქმევ. ეს ალბათ უფრო ღმერთის მუდმივი ძიებაა და შესაძლებლობა, რომ სხვასაც აპოვნინო ის. ხოლო პროფესიას რაც შეეხება დამხმარე სფერო არის ხელოვნება, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება.

და ბოლოს დაუტოვეთ კითხვა შემდეგ სტუმარს

შემდეგ სტუმარს ვკითხავ, ხელოვნების რომელი დარგს თვლის ყველაზე ადვილ და ყველაზე  რთულად ?!

გამოხატეთ თქვენი რეაქცია
Like
Love
Haha
Wow
Sad
Angry
You have reacted on ",,ნიჭის შემოქმედი თავად ღმერთია, რომელმაც შენ უ..." A few seconds ago

Leave a Reply